ის, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ერთ ფაქტზე მიუთითებს - ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებს

ის, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ერთ ფაქტზე მიუთითებს - ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ის, რომ NDI-ს კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის დიდ ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე - ისინი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებენ.

„ეს ამომრჩეველი დღევანდელ ხელისუფლებას ხმა აღარ მისცემს, რადგან ყველამ ნათლად დაინახა ამ ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეეძლო”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ ამომრჩევლებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ აქვთ გადაწყვეტილიება მიღებული იმიტომ ხდება, რომ საარჩევნიო კამპანია ახალი დაწყებულია.

”რაც შეეხება იმას, რომ ამომრჩევლებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ აქვთ გადაწყვეტილიება მიღებული, ეს იმიტომ ხდება, რომ საარჩევნიო კამპანია ახალი დაწყებულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როდესაც ამომრჩევლამდე გზავნილების მიტანა ახალი დაწყებული იყო, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი გვექნება მდგომარეობა, როცა ამომრჩეველი საკმარისად იქნება ინფორმირებული. თუმცა, აქვე მინდა ვისაუბრო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე - ის ვალდებულია ოპოზიციურ სპექტრს შესაძლებლობა მისცეს ჩაატაროს ნორმალური საარჩევნო კამპანია და ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში - ძალადობის, თავდასხმის და გამოუძიებელი ინციდენტების სახით, რა თქმა უნდა, ასეთი გარემოს შექმნას ხელს უშლის” ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 26% მისცემდა.