გედევან ფოფხაძე: NDI-ის კვლევის პროგნოზები პელეს პროგნოზებს ჰგავს - ყველა ვარიანტში სხვა იგებს

გედევან ფოფხაძე: NDI-ის კვლევის პროგნოზები პელეს პროგნოზებს ჰგავს - ყველა ვარიანტში სხვა იგებს

რაც მე მახსოვს, NDI-ის კვლევის შედეგები და პროგნოზები ძალიან ჰგავს პელეს პროგნოზებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

“როცა პელე აკეთებს პროგნოზს, თუ ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ვარიანტში სხვა იგებს - ასეთია ტრადიცია. საქართველოშიც ასეა - როცა არჩევნების წინ NDI რაიმე დასკვნებს აკეთებს, როგორც წესი, რადიკალურად განსხვავებულია არჩევნების შედეგები. როცა არ ვიცი მეთოლოგია, რომლის მიხედვითაც NDI კვლევებს ატარებს, ძნელია ანალიზის გაკეთება. მიღებული პროცენტები ჩემთვის ძალიან არაბუნებრივია. შეიძლება მე რეალობას ვარ მოწყვეტილი და საზოგადოება ერთს ფიქრობს და მე სხვა შინაგანი განცხადები მაქვს, მაგრამ “ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ასეთი მინიმალური განსხვავება, ძალიან არარეალურია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ, რომელიც დარწუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები ხელოვნურად არის გაზრდილი“.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

ამასთან, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.