საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს.
"ამ ინფორმაციას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დონდუამ და აღნიშნულის შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით მასთან რაიმე სახის კონსულტაციების მიმდინარეობა უარყო.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას არც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ადასტურებს. მმართველ გუნდში კი საუბრობენ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის შემცვლელი, შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან შეირჩეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატთა შორის არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.