”ქართული ოცნება” პარლამენტში სერიოზულ უმრავლესობას მიიღებს

”ქართული ოცნება” პარლამენტში სერიოზულ უმრავლესობას მიიღებს

”ქართული ოცნება” პარლამენტში სერიოზულ უმრავლესობას მიიღებს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში, პარტიათა შედეგებს ასახავს.

დეპუტატის შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერთა რაოდენობა უმნიშვნელოა და შედეგობრივი თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნებში ამ ორ პარტიას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება.

”მე არაერთხელ მითქვამს, რომ მეთოდიკის თვალსაზრისით და შეიძლება სხვა თვალსაზრისითაც, ადეკვატური და სათანადო არ არის ის მონაცემები, რომელიც ამ სოციოლოგიურ კვლევას მოყვება ხოლმე. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ სურათი ნათელია, ”ქართულ ოცნებას” რეალური კონკურენტი და ალტერნატივა არ გააჩნია, ამას მხოლოდ NDI-ის კვლევაზე დაყრდნობით არ ვამბობ. ნათელია, რომ ”ქართული ოცნება” არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მიიღებს. რა თქმა უნდა ელექტრორატის გარკვეული ნაწილი დაკავშირებულია ”ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ ეს ძალიან მცირეა”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13% - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% - მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის”, 3% - „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო სხვა პარტიებს - 7%.