პრემიერი გიორგი პაპუაშვილს დღეს შეხვდება

პრემიერი გიორგი პაპუაშვილს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერი მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

„პროკურატურა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მეთაური ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სურვილს შეხვედრის შესახებ და მის მოსასმენად მზად არის“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.