უცხოელი ექსპერტები თურქეთში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებულად აფასებენ. ”რენდის კორპორაციის” წამყვან ექსპერტს სტივენ ფლანაგანს მიაჩნია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საპრეზიდენტო ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობას. ამის შესახებ ექსპერტმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
”რაც მოხდა, ნამდვილი ტრაგედიაა, დაიღუპა უდანაშაულო ხალხი. ახლა კი უკვე ის მაშფოთებს, რომ ხელისუფლება ეჭვობს ათასობით ადამიანის გადატრიალებაში მონაწილეობას, ეს ვრცელდება საგანმანათლებლო სექტორის მუშაკებზეც. ეს ფაქტები ძალიან შემაშფოთებელია და ჩემი აზრით, ხდება მასშტაბური წმენდა საპრეზიდენტო ხელისუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაციის მიზნით. თურქეთის სტაბილურობა და დემოკრატიული წყობა ძალიან მნიშვნელოვანია, დღემდე ეს ქვეყანა სამაგალითო დემოკრატია არა, მაგრამ შთაგონება იყო ჩვენთვის და ნიმუში იმისა, რომ ისლამურ სახელმწიფოში ძირითადი უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობის შეთავსება შესაძლებელია. უკანასკნელი ამბებით მიმყარდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩენილი ეჭვები ერდოღანის ხელისუფლების მიმართ”, - განაცხადა სტივენ ფლანაგანმა.
ამასთან, ფლანაგანი ფიქრობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან თურქეთის ურთიერთობის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მეთოდებით დაძლევს ერდოღანის ხელისუფლება მიმდინარე მდგომარეობას.
”ნატო-სთვის თურქეთის ქმედებები, განსაკუთრებით ინჯირლიკის ბაზაზე, შემაშფოთებელია. თურქეთის უნარი, რათა მან კონტრიბუცია გააგრძელოს ნატო-ს ოპერაციებში, ფერხდება იმ ფაქტით, რომ ანკარა სრულად არის მოცული შიდა საკითხებით, და მთვრობამ ჯარისა და სასამართლოს თანამშრომლების წინააღმდეგაც გაილაშქრა. იმედია, რომ რწმენა ორმხრივ ურთიერთობებში აღდგება, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი დასარეგულირებელია”, - განაცხადა სტივენ ფლანაგანმა.
ამერიკის ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი, თურქეთის პროგრამის ხელმძღვანელი დეფნი არსლანი კი ფიქრობს, რომ სერიოზული საფრთხისა და რისკების გათვალისწინებით, თურქეთის ხელისუფლებას მართებდა საგანგებო მდგომარეობის შემოღება.
”ამ ეტაპზე, ნაადრევია იმის შეფასება, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ასე მოქმედება. გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რაც მთავრობის წინაშე იდგა, ამჟამად მთავრობის მოქმედებებიც უნდა გვესმოდეს. თუმცა მეც არ მინდა მჯეროდეს, რომ დაპატიმრებული და გათავისუფლებული ათასობით ადამიანი კავშირში იყო ამბოხთან. იმედს ვიტოვებ, სამ თვეში მთავრობა შეძლებს მდგომარეობის დარეგულირებას. გადატრიალების მცდელობამ პანიკაში, შოკში ჩააგდო ყველა. მთავრობის გადატრიალება უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა”, - განაცხადა დეფნი არსლანმა.
ამასთან, არსლანი დარწმუნებულია, რომ თურქეთის ხელისუფლება აქტიურად ითანამშრომლებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
”თურქეთის სამხედრო ძალები ნატო-სთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ვფიქრობ, ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში მოექცევა და გაგრძელდება ბრძოლა დაჯგუფება "დაეშის" წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ანკარის კავშირები ვაშინგტონთან, ვფიქრობ, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, უპრობლემოდ განვითარდება და გაგრძელდება ფეთჰულა გულენის ექსტრადირების მოთხოვნაც”, - განაცხადა დეფნი არსლანმა.