საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე მთავარ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
„პროკურატურაში მივა, თუ მანამდე პრემიერს შეხვდება, თუმცა შეხვდება თუ არა პრემიერს, არ ვიცი. ყველა წამს არ იცვლის აზრს. გუშინ საღამოს რაც თქვა, დილასაც იგივეს ფიქრობს“, - განაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.
გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 13:00 საათზეა დაბარებული, თუმცა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლისა და მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ხედავს.
„მე უკვე შევხვდი პრეზიდენტს. ახლა ველოდები შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, რომელიც დამპირდა, რომ როცა მოიცლიდა, დამიკავშირდებოდა. ამის შემდეგ მზად ვარ შევხვდე მთავარ პროკურორს“, - აღნიშნა გუშინ პაპუაშვილმა.