მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მისი თქმით, მალე მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება.
"მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.
საკუთარ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"მეგობრებო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, არა გვაქვს უფლება პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ გურულებო“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.