"Black sea arena"-ს გახსნით, გურია შეძლებს, ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურიაში "Black sea arena"-ს გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა.

"შეკვეთილში, ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს",- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, ვინაიდან ამ რეგიონში გამორჩეული ხალხია.

"ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი  გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პრემიერმა.