"გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის; ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ".
ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
"ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს" ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.
"არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.