რბილად რომ ვთქვათ, პრეზიდენტის მხრიდან არაეთიკურია კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებების მატარებელია „ქართული ოცნება“ და კახი კალაძე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ შტაბს დღეს ის პირები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც 2013 წელს, პრეზიდენტის არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს უჭერდნენ მხარს და მისთვის უცხო არ უნდა იყოს, თუ რა ღირებულებების მატარებელია „ქართული ოცნება“.
ამასთან, კობახიძის აზრით, კარგი იქნება პრეზიდენტმა დასვას ის კითხვებიც, თუ როგორია კორცხელის ინციდენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას როლი.
“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 2013 წელს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით. აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და არაკორექტულია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი და კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში, მათ შორის კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელიც გიორგი მარგველაშვილს დაყვებოდა ყველგან. მარგველაშვილმა იცის, თუ რა ღირებულებების მატარებელია და რა მიზნები ამოძრავებს კახა კალაძეს როგორც პოლიტიკაში, ასევე ცხოვრებაში. პრეზიდენტის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გრძნობს საკუთარ წილ პასუხისმგებლობას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით და პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ, ოქტომბრის არჩევნებში მსგავსი ტიპის დაპირისპირება არ განმეორდეს.