საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს დაკავებული პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდებს. ამასთან, თუ, მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ გიორგაძე დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილსა და დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს შეხვდა, რის შემდეგ, მინისტრმა ბრიფინგი გამართა.
”საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება. მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს ურთიერთბრალდებები კონსტრუქციულ ვითარებაში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. უწყება ვერ ხედავს ვერავითარ ნიშანს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, სიტუაცია დარეგულირდება. უფრო მეტიც, პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში გადაიზარდა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ რგოლებს შორის სრულ დისკომუნიკაციას და შეუთანხმებელ ქმედებებს”, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.