"ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძე პრეზიდენტის პრესპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს“.
კობახიძის აზრით, ზემოაღნიშნული ალბათ, გარკვეულ პოლიტიკურ სიმპათიებზეც მიუთითებს, თუმცა „ეს პრეზიდენტის უფლებაა, რომლის განსჯაშიც არ შევა“.
რაც შეეხება კახა კალაძის დაკითხვის შესაძლებლობას, კობახიძის თქმით, თუ გამოძიების პროცესში ამის საჭიროება გაჩნდა, პროკურატურა ვიცე-პრემიერს დაკითხავს.
„გამოძიების პროცესში თუ გამოვლინდა, რომ დამატებით ვინმეს დაკითხვაა საჭირო, მათ შორის კახა კალაძის, აქ ვერანაირი აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ. თუ გახდა საჭირო კალაძის დაკითხვა, ბუნებრივია, პროკურატურა მას დაკითხავს. ნებისმიერი მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია, თუმცა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროკურატურამ. ჩვენი მიზანია და ჩვენი ინტერესია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი, არ იყოს დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული წინასაარჩევნო პროცესში და არ აყენებდეს ჩრდილს წინასაარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.