ჩინეთში ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია. აღნიშნული პარკი 1992 წელს დაფუძნდა და ჩინეთის ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიურ პარკად მიიჩნევა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პარკში ტექნოლოგიური სიახლეები დაათვალიერა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინოვაციური განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შანხაის ტექნოპარკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს არის 120 კვადრატულ კილომეტრზე განთავსებული უდიდესი ტექნოპარკი, სადაც განვითარებულია პრაქტიკულად ყველა მიმართულება - ფინანსური ცენტრიდან დაწყებული ფარმაცევტიკით დასრულებული. ჩვენ ვეცნობით მათ საუკეთესო გამოცდილებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.