საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ საპარლამენტო კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის შემცვლელად მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მას პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნულთან დაკავშირებული შეკითხვით „ინტერპრესნიუსმა“ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა.
„შემიძლია გითხრათ, რომ სესიაშვილზე, როგორც მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა“, - განაცხადა მიშველაძემ.
საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე აქტიურად სწორედ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა ის პრეზიდენტმა დაიწუნა.