როდის გამოცხადდება მთავარ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილი, ჯერჯერობით, უცნობია

როდის გამოცხადდება მთავარ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილი, ჯერჯერობით, უცნობია

როდის გამოცხადდება საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი პაპუაშვილი ჯერჯერობით ბათუმში იმყოფება. ხვალ კი დაგეგმილია სასამართლო პროცესი, რომელშიც მან მონაწილეობა უნდა მიიღოს.

მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ პროკურატურაში გამოცხადდეს.

პაპუაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

„2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვლასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.