თუ იგორ გიორგაძე საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები ამოქმედდება

თუ იგორ გიორგაძე საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები ამოქმედდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საკითხს ეხმაურება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, თუ გიორგაძე საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მის მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ამოქმედდება.

მისივე განმარტებით, საქართველოს შესაბამის უწყებებს გიორგაძეზე ძებნა არ შეუწყვეტია, ინტერპოლში კი საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რა დროსაც ბატონი გიორგაძე საქართველოს საზღვარზე გადაწყვეტს შემოსვლას, აუცილებლად დაექვემდებარება სისხლის სამართლის პროცედურებს. საქართველოს მხრიდან არ არის შეწყვეტილი მის მიმართ ძებნა, შესაბამისად სამართლებრივი პროცედურებიც არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ინტერპოლს, რომელზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ, მინდა გითხრათ, რომ მას აქვს საკუთარი რეგულაციები. ჩვენ მასთან ვთანამშრომლობთ და საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი მათ ხელშია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.