თურქეთის ელჩის უწყებაში მისვლა ტენდერის ფარგლებში თურქული კომპანიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება

თურქეთის ელჩის უწყებაში მისვლა ტენდერის ფარგლებში თურქული კომპანიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს განმარტებით, საქართველოში თურქეთის ელჩის ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს უწყებაში ვიზიტი ტენდერის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში თურქული კომპანიების მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში განუცხადეს, თურქეთის ელჩი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს ტენდერის ფარგლებში თურქული კომპანიების მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვდა.

”ქეთევან ნატრიაშვილს თურქულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა აქვს თურქულ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც ტენდერის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ”, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

თურქეთის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე დატოვა. ელჩს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თურქეთის ელჩი უწყებაში დაახლოებით ერთი საათის წინ, ცენტრალური შესასვლელიდან შევიდა, თუმცა სამინისტრო ეზოდან, ავტომობილით დატოვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, ელჩის სტუმრობა არანაირად არ უკავშირდება ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა კომენტარი გააკეთა. კონსული გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე საუბრობს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართული თარგამანი TV 25-მა გაავრცელა.

კონსულის აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, მოგვიანებით, თურქეთის ელჩმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონსულის კომენტარი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.