საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამას მთლიანად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამას მთლიანად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამას მთლიანად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის სხდომაზე საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების ფართო პროგრამის შესახებ იმსჯელეს.

„ამ პროგრამაზე ჩვენ კარგა ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რათა საბოლოო ჯამში სახელმწიფო პროგრამა გამოსულიყო ერთგვარი შემავსებელი კერძო სექტორის ინვესტიციებისა და მათი მონდომების. რაც შეეხება პროცესს - გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. საქართველო დაიყოფა სამ ძირითად არეალად, ეს იქნება გეოგრაფიული არეალები, სადაც დღეს არსებული ოპერატორები გვეტყვიან, ისინი ან არიან ამ გეოგრაფიულ არეალში, ან აპირებენ შემდეგი სამი წლის განმავლობაში შესვლას. ამაზე ისინი აიღებენ სახელმწიფოსთან გარკვეულ ვალდებულებებს”, - გნაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე პაკეტის ფარგლებში იქნება ის სოფლები და დასახლებული ადგილები, სადაც კომერციული ოპერატორები შევლენ იმ პირობით, რომ დონორი ორგანიზაცია მათ კომერციული ბანკიდან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 120 თვის განმავლობაში დაუფინანსებს.

„მესამე მიმართულებაში კი მოექცევა ის ადგილები, სადაც კომერციული ოპერატორები იტყვიან, რომ არ აპირებენ შესვლას. ამ ნაწილში უკვე კომპანია open net-ი, რომელიც არის აიპი და შექმნილია ინოვაციების და ტექნოლოგიის სააგენტოსთან, იღებს გრანტს ფონდი „ქართუსგან“  და უკვე ის გამოაცხადებს პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების ინტერესეთა გამოხატვას”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად დაფარავს მთელ საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც 2000 მოქალაქეზე მეტი მაცხოვრებელია.

„ეს არის პროექტი, რომლისთვისაც 70-დან 100 მილიონ დოლარამდე თანხა დაიხარჯება, რომელსაც მთლიანად დონორი დახარჯავს”, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.