ადვოკატის ინფორმაციით, იგორ გიორგაძის საქმეზე გიგლა აგულაშვილი და კობა ნარჩემაშვილი არ დაიკითხებიან

ადვოკატის ინფორმაციით, იგორ გიორგაძის საქმეზე გიგლა აგულაშვილი და კობა ნარჩემაშვილი არ დაიკითხებიან

უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ბრალდების საქმეზე გიგლა აგულაშვილი და კობა ნარჩემაშვილი არ დაიკითხებიან. ამის შესახებ გიორგაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი არ ჰყავს და ვინაიდან საქმე ძველი რედაქციის კანონმდებლობით განიხილება, დაცვის მხარეც შეზღუდულია მოწმეთა დასაკითხი სიის შედგენაში.

”საქმის მასალებით ჩანს, რომ გიგლა აგულაშვილი და კობა ნარჩემაშვილი ამ პერიოდში არიან საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებლები, თუმცა ისინი ბრალდების მხარის მხრიდან დასაკითხ პირთა სიაში არ არიან შეყვანილნი. შესაბამისად, მათი დაკითხვა სავარაუდოდ არ მოხდება, თუმცა ამას დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია ეკავა მაშინ ან უკავია დღეს. მთავარია, რომ თუნდაც მათ მიერ გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაციით, არ დასტურდება იგორ გიორგაძის ბრალეულობა”, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად იგორ გიორაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ინტერპოლის სამდივნომ მისი საქმის განხილვის შემდეგ მიიღო.

თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წინა შემთხვევების მსგავსად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.