საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ”ქართული ოცნების” პრინციპს, რომ ახალ გუნდში ქალბატონები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილი. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა.
”ახალ გუნდზე არ ვისაუბრებ. მომწონს პრინციპი, რომ არის ბევრი ქალბატონი. მე 2015 წელი ქალთა წლად გამოვაცხადე და ძალიან ვცდილობდი პარლამენტში გასულიყო კანონი კვოტირების თაობაზე. ეს არ მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს ”ქართული ოცნება” ამას ითვალისწინებს და ეს არის ჩადებული ამ გუნდის მესიჯში, რასაც მივესალმები”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნება” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაა. ”მე იმედი მაქვს, რომ ის უფრო ძლიერ პოლიტიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, უფრო მეტი ღირებულებითი თემა იქნება, დახვეწილი საარჩევნო პროგრამა ექნება და ვინ იქნება კოალიციის წევრი, ეს ნაკლებად მაღელვებს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.