საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიზეზი იმისა, რომ მას მოქმედ პრემიერ-მინისტრთან უფრო კარგი ურთიერთობა აქვს, ვიდრე მის წინამორბედთან არის გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციულობა.
როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა, პრემეირ-მინისტრთან მიმდინარეობს საუბარი საქმეზე და არა ჭორაობა.
”ჩემი აზრით, მიზეზი არის კონსტრუქციულობა, კვირიკაშვილის სურვილი, რომ ვისაუბროთ საკითხებზე, თემებზე და არა პიროვნულ ურთიერთობებზე. მე და კვირიკაშვილს ნამდვილად არ გვქონია საუბარი რაიმე პიროვნულ თემაზე, ვიღაცა მესამე ადამიანთან ურთიერთობაზე. ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად ვთანამშრომლობთ, ვიდრე აქამდე იყო თანამშრომლობა. ლაპარაკია კონკრეტულ თემებზე და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ. კვირიკაშვილი ჩემი მეგობარი არაა, ის ჩემი პოლიტიკური პარტნიორია, ვისთანაც შეიძლება საუბარი პოლიტიკაზე და არა სხვა თემებზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.