გიორგი მარგველაშვილი - ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

გიორგი მარგველაშვილი - ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზეც, თუ რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება იმ ფაქტზე, რასაც სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო.

”ის ადამიანები, ვინც მერაბიშვილის უფლებები შელახა, ვინც ამის კვალობაზე, კიდევ შელახა საქართველოს ინტერესები და ქართული სახელმწიფო სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენა, უნდა იყვნენ დასჯილები. უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზე, თუ რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

თუმცა, გიორგი მარგველაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის ციხეში უკანონოდ ზის. 

სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ 2013 წელის 25 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 5§3 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება).
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზე ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გამოიწვია. 

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს სასამართლოს დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვეში უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო და 8 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია, ასევე დაფაროს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მოსარჩელე მხარის საქმეს უკავშირდება.