საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოში და ქართულ მედიაში ანტიდასავლური ნარატივი ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა, ვიდრე ეს წარსულში იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ანტიდასავლური ნარატივის აქტიურად გამოჩენა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ხელისუფლებამ არ გააგრძელა წინა ხელისუფლების მსგავსად იმ ბერკეტების გამოყენება, რაც წარსულში ანტიდასავლელების გასაჩერებლად გამოიყენებოდა.
”წინა ხელისუფლების პორობებში ბევრად მეტი ბერკეტი იყო ანტიდასავლელების გაჩერების. ამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და სწორადაც მოიქცა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად და გადავარწმუნოთ ის ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თურმე საქართველოს მომავალი ბევრად უკეთესი იქნება ევაზიულ კავშირში. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ თუ ევროპულ ოჯახის წევრი გავხდები, დავკარგავ ქართველობას, ყალბად მაწოდებს ვითომ ტრადიციებს. მათ გადარწმუნებაზე უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის ვერ ხედავს იმის ფაქტებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება პრო რუსული არხებისა და გამოცემების წახალისება და ასევე არ უნახავს იმის მტკიცებულება, რომ ხელისუფლება ასეთ მედიას აფინანსებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ორი მიზეზი აქვს.
”მიზეზი ამ პროპაგანდის გაძლიერებისა არის ის, რომ ხელისუფლება აღარ ექცევა, თუნდაც ასეთ მიუღებელ პოლიტიკურ ოპონენტებს მძიმე ხელით. ასეთი ადამიანების გადარწმუნებაა საჭირო და არა დაპატიმრება. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ თვითონ რუსული პროპაგანდა გახდა ბევრად უფრო დახვეწილი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თუ აქამდე რუსული პროპაგანდა იყო ბევრად უფრო რადიკალური და რუსები გვესაუბრებოდნენ ძირითადში ძალის მეშვეობით, დღეს რუსული პროპაგანდა ბევრად უფრო დახვეწილი გახდა და ამას მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და აშშ-შიც აღიარებენ. დღეს რბილი ძალა ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში.