ნატალია საბანაძის აზრით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადავადება საქართველოზე არ აისახება

ნატალია საბანაძის აზრით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადავადება საქართველოზე არ აისახება

ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის აზრით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადავადება საქართველოზე არ აისახება.

როგორც საბანაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მართალია, საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოს ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ საკანონმდებლო წინადადებები ევროპარლამენტში განსახილველად ერთდროულად შევიდა, თუმცა „მათი დაკავშირება პროცედურულად მოხდა და არა პოლიტიკურად“.

„ახლა თუ მოხდება თურქეთის გამოყოფა, ეს უშუალოდ დაკავშირებული არ იქნება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან, ამიტომ პირდაპირი გავლენა, ალბათ, არ ექნება. საქართველო რაზეც არის დამოკიდებული, ესაა შეჩერების განახლებული მექანიზმის მიღება“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მზაობა იმისა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს, არსებობს.

ელჩის თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტში სექტემბრიდან განახლდება, თუმცა ის თავს იკავებს პროგნოზირებისგან, როდის დასრულდება პროცესი.

„ვნახოთ, როგორი ზაფხული იქნება, რა შეიცვლება, რადგან წინა შემთხვევაში, მაგალითად, საკომიტეტო მოსმენა გადაიდო. ბევრი ისეთი ფაქტორია, რომლის განსაზღვრა ძალიან რთულია, ამიტომ მე არ მიყვარს ვადებზე საუბარი. ველოდებით, რომ სექტემბერში პროცედურები განახლდება და იმედია, დროულად გადაწყდება“, - დასძინა ნატალია საბანაძემ.

ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ თურქეთი წელს ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს.