პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში "ქართული ოცნების" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ დგას ევროპულ გზას, და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას.
"ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება, დაცული საკუთრება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა მთავარი პრონციპენი გახლავთ. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებული და ძვირფასია ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად.
"ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება, და ჩვენ მზად ვართ გავუნაწილოთ ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე, რაც გაგვაჩნია.
"ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც წარმატებული ურთიერთობა აქვს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან და, საქართველოს ინტერესების შელახვის გარეშე, შეუძლია გონივრული და კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება რუსეთთან.
"ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს. 2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ. ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი იმედი გამოთქვა, რომ 8 ოქტომბერს "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს.