ჩვენს ქვეყნას სწრაფი განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ კეთილდღეობას

ჩვენს ქვეყნას სწრაფი განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ კეთილდღეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება.

"ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ, მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან, დავით აღმაშენებლის ქალაქიდან, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ყველა ქართველისთვის.

აქედან მინდა მივესალმო მთელ საქართველოს და ვუთხრა, რომ სწორედ გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა თითოეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება. ჩვენი პარტიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ხალხის მხარდაჭერით და შეუპოვარი ბრძოლით არჩევნებში გაიმარჯვა.

"ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - თავისუფლება. ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ჰყავდა საზოგადოება, შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა.  ჩვენ ვიყურებით და მივდივართ წინ.

თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა.

ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა. მჯერა, მოვა დრო და უკეთ გამოჩნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული განვითარების, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზას. ჩემო მეგობრებო, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყნას სწრაფი განვითარება სჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობას - სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად.

"ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, მარტო C ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი. უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი.

ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია, დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია. ჩვენს ამ წარმატებას აღიარებს ყველა - საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პარტნიორი ქვეყნები, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, ამაზე ვერ შევჩერდებით. ჩვენთვის მთავარია თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ 4 წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ, და დღეს უკვე შეგვიძლია თამამად შევთავაზოთ ჩვენს ხალხს სიახლე - ქვეყნის სწრაფი განვითარება, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხალხის კეთილდღეობას ემსახურება ის 4-პუქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც გარდამტეხი იქნება და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის მოქალაქეებისთვის.

"მომავალ 4 წელიწადში უნდა ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, სამეწარმეო სულისკვეთება გავუჩინოთ ხალხს, მივცეთ მათ საშუალება და დავეხმაროთ, რომ ადამიანებმა თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს. ჩვენ განათლების სისტემას შევცვლით ისე, რომ ახალგაზრდები მზად შეხვდებიან ცხოვრებას, შეიძინონ ისეთი პროფესიები, რომლებიც სამსახურსაც მისცემს მათ და რეალიზების საშუალებას გაუჩენს. საქართველოს ყველა კუთხე და ყველა სოფელი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს უმოკლესი, თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურით, - ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომ ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება, მიმოსვლა, ვაჭრობა. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს მისცემს გაფართოების საშუალებას, ბიზნესის გაფართოება კი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა. ეს ყველაფერი კომპლექსში კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ქვეყანას და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ეს საქმე და ამას ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.