ავასრულეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი

ავასრულეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქუთაისში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისასის "ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა.

"ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ წესრიგი, მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ჩვენ ქვეყანაში. ბევრი საქმე წამოვიწყეთ, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყვანა და შედეგის მიღება. თქვენთან ერთად ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოვაჩინეთ, ავასრულეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი, შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა, პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ პოლიცია, სასამართლო, ჯარი, დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება, გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე, ვამარცხებთ "21-ე საუკუნის ჭირად" წოდებულ C-ჰეპატიტს, ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით, გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში.

"ჩვენ ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთის ქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს. აქ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ეს კი მხოლოდ  შრომით, სწორი დაგეგმვით და თავისუფალი ნების ადამიანების ერთობით მიიღწევა. ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ჰქონდა, ჩვენ ერთად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას", -აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ის გუნდია, რომელიც ხალხის სამსახურშია.

"ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და ერთად შევქმნით ისეთ საქართველოს, როგორსაც ვიმსახურებთ! როგორსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ. რა არის ქართული ოცნება? - ის რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა მიიღოს სტაბილური სახელმწიფო, სამუშაო, დასვენება, ჯანდაცვა და განათლება.  იყოს დაცული, იყოს თავისუფალი. ჩვენ შექმნილი გვაქვს ამ ოცნების ასრულების ყველა პირობა. ერთად ვიმუშაოთ. ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი. ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა- ჩვენი საერთო სახლი. სწრაფი განვითარება ესაა ჩვენი მისია. თითოეული ადამიანის კეთილდღეობა არის ჩვენი მიზანი. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. - ეს ჩვენი გზაა და ამ გზას ჩვენთ თქვენთან ერთად გავივლით. ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან "ქართული ოცნება" მტკიცე პოლიტიკური გუნდია, მკაფიო მიზნებით, სწორი სტრატეგიითა და ძლიერი ლიდერით",- განაცხადა კალაძემ.