გია ვოლსკი - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სჯობს, თუკი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ იქნება

გია ვოლსკი - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სჯობს, თუკი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ იქნება

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სჯობს, თუკი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

ამასთან, ვოლსკის თქმით, თუკი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი აუცილებლობა იქნება, მასში ძალიან დაახლოებული პოზიციების მქონე პარტიების წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ. 

“მგონია, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის და მთავრობის სტაბილურობისთვის უმჯობესია, თუკი პარტიას ისეთი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა ექნება, რომელსაც კოალიციური მთავრობის შექმნა არ დასჭირდება. ქვეყნის მართვას სჭირდება სტაბილური მთავრობა. მთავრობა ჩამოკიდებული არ უნდა იყოს პარტიულ ინტერესებზე, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შემდეგ გაუჩნდეს - როდესაც უმრავლესობა იძულებული ხდება, რომ ესა თუ ის თანამდებობა ამ ადგილისთვის შეუსაბამო ადამიანს დაუთმოს, ეს არ არის ჯანსაღი და ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი“, - მიიჩნევს გია ვოლსკი. 

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ “საზოგადოება კარგად შეაფასებს ვითარებას და სტაბილური მთავრობის აუცილებლობასაც განსაზღვრავს“.