ეს 15 კაცი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ იმედზე გეგმავს ”ქართული ოცნება” არჩევნების ჩატარებას, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ”ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენა.
”ეს არის ახალგაზრდების გუნდი, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში და რაც მთავარია, მათ აქვთ კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. წარმატებული მართვისთვის აუცილებელია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ორივე სფეროსში გამოცდილება, რადგან ორივე ამ სფეროს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. არიან ისეთი სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არასოდეს ყოფილან მოსაზრებული საქართველოს პარლამენტის წევრთა სიაში. მაგალითად კახა კუჭავა წარმოადგენს სამთო-სამადნო ინდუსტრიის სფეროს. საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, უბრალოდ არც ერთი ხელისუფლება ამას არ ანიჭებდა მნიშვნელობას და საქართველოს უყურებდნენ როგორც მომხმარებელ ქვეყანას. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად განვავითაროთ ეს ინდუსტრია”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ გუშინდელმა დღემ წარმოაჩინა ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებითაც გაიზომებიან მომავალი დეპუტატები, ეს არის ღირებულებებისადმი ერთგულება, განათლება და გამოცდილება.
ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოება კიდევ უნდა ელოდეს დაახლოებით 70-80 ადამიანს, რომელიც წარმოდგენილი იქნება მაჟორიტარული და პროპორციული წესით ასარჩევ პირთა სიაში.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, იქნება თუ არა ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ან სიის წარმომადგენელი, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ ”ჟურნალისტებს კითხვები აღარ აქვთ და იმიტომ იმეორებენ ერთსადაიმავე შეკითხვებს, რადგან ამ თემაზე ის საუბარს არ აპირებს”.
ქუცნაშვილის ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” 18 ივლისს დაიწყებს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას.
რაც შეეხება ”ქართული ოცნების” განცხადებას იმის შესახებ, რომ პარტიის ახალი წევრების წარდგენაზე ავთანდილ მარგიანი მიწვეული არ იყო, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ ”ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ამაზე ქართული ენერგია არ უნდა დაიხარჯოს”.