ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ხელშეწყობა აღარ სურს. როგორც რუსული სააგენტო РБК წერს, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაპირების მიუხედავად, ცხინვალი სასამართლოსთვის ხელშეწყობაზე უარს ამბობს.
„РБК“-სთან საუბარში ადგილობრივი „ჩინოვნიკები“ აცხადებენ, რომ „გამოძიებამ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელი პოლიტიკური ელფერი მიიღო“. სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი გრიგორ ავეტისიანი, რომელიც ჰააგის სასამართლოსთვის 2008 წლის ომის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ სასამართლოსთვის ოსების საჩივრების შეგროვება დაიწყო, რა მიზნითაც მიმდინარე თვეს ოკუპირებულ ტერიტორიას ეწვია.
გრიგორ ავეტისიანის ცნობით, ადგილობრივი ჩინოვნიკები ორგანიზაციის მუშაობის ხელშეწყობისგან თავს იკავებდნენ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხუთდღიანი ვიზიტის დროს უფლებადამცველს საჩივრებით 15-მა ადამიანმა მიმართა, რომლებსაც პარალელურად, საჩივრები სტრასბურგის სასამართლოში აქვთ შეტანილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე „РБК“-სთვის კომენტარის მიცემაზე თავი შეიკავეს.