იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე კანდიდატი მოსამართლედ არ აირჩიოს. როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, თუ საბჭო ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს, ეს იქნება სასამართლოს იმავე ჭაობში ჩარჩენა, რომელშიც დღეს იმყოფება.
„დღეს გვანცა ყუფარაძის საქმის მოსამართლე თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი იყრიან კენჭს. დღეს თუ ამ ოდიოზურ ფიგურებს მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაინტერესებს რა გასასამართლებელი საბუთი ექნება საბჭოს. ასევე მნიშვნელოვანია არ დაინიშნოს გირგვლიანის მოსამართლე გიორგი ჩემია, ასევე ჯემალ კოპალიანი და მამია ფხაკაძე, რომლებიც ყველა გადაწყვეტილებას ბეჭედს ურტყამდნენ და სააკაშვილის საყრდენები იყვნენ. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ადამიანებს აირჩევს, ეს იქნება სასამართლოს ჩარჩენა იმავე ჭაობში, რა ჭაობშიც არის“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება. საბჭომ 125 კანდიდატიდან 65 ვაკანტურ ადგილზე უნდა აირჩიოს მოსამართლეები. არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის, პირველ ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის გიორგი ჩემიას, პირველ ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის კანდიდატურებს და მოითხოვენ, რომ აღნიშნული კანდიდატურები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლებად არ აირჩიოს. არასამთავრობო სექტორი ასევე აპროტესტებს შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმებს.
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მოსამართლედ არჩევისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 ანუ 10 ხმაა საჭირო.