იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, დღეს ”ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აქციას - ”სასამართლო მურუსიძეების გარეშე“ გამართავს.
ხატიაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ”არ უნდა დავუშვათ სასამართლო სისტემაში მურუსიძეების დანიშვნა”.
ხატიაშვილის ინფორმაციით, 14 ივლისს, იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის და სავარაუდოდ, აპირებს მოსამართლეობის ვადა გაუხანგრძლივოს ”ლევან მურუსიძის მეგობრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გვანცა ყუფარაძის მოსამართლე თამარ ალანიას და მურუსიძეების სასამართლოს ერთ-ერთ სახეს მერაბ გაბინაშვილს”.
”შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამარ ალანიამ და მერაბ გაბინაშვილმა ლევან მურუსიძის მხარდასაჭერად პრესკონფერენცია გამართეს, რათა იგი გამხდარიყო მოსამართლე. 14 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლედ სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიუღებელი ფიგურების განმწესებას, როგორებიც არიან: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბურჯი თამაზ ურთმელიძე, გირგვლიანის მოსამართლე გიორგი ჩემია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი მამია ფხაკაძე, ჯემალ კოპალიანი და ასე შემდეგ. ”ქართული ოცნების” პარალმენტის სიით არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახაბერ სოფრომაძემ ხმა მისცეს ლევან მურუსიძეს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ მათ თავი იმართლეს და გვამცნეს, ლევან მურუსიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სასამართლოს სისტემაში და ამიტომ მივეცით ხმაო. საინტერესოა, რას იტყვის ”ქართული ოცნების“ სამეული თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ხმის მიცემის შემდეგ?”, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ლევან მურუსიძე თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის მხრიდან მისი ღია მხარდაჭერის გამო, მათ სასამართლო სისტემაში დატოვებას აპირებს.