საქართველოს დღეს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ENPARD-დან აცნობეს, ევროკავშირის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, 14 ივლისს, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩამოვა და ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა 2016” სიტყვით გამოვა. ასევე, იგი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციის შემდეგ, ევროკომისარი ჰანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად, აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტებს დაათვალიერებს.