"ოცნების" ამ ცარიელი სიის შემხედვარე, დავრწმუნდი, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას ცარიელს უწოდებს.

სააკაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრებს "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობას ადარებს და არჩევნებში გაარჯვებას პროგნოზირებს.

"ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის, ვინაიდან აშკარად წარმოადგენს არაფრისმთქმელი "ახალი სახეებით", არსებული სიმახინჯის შენიღბვის უმწეო მცდელობას. ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს და სინამდვილეში გამოუვიდა შევარდნაძისათვის მიბაძვა, რომელმაც თავისი დაღმასვლის პერიოდში სცადა "მოქალაქეთა კავშირში" ჩვენი რეფორმატორული ჯგუფის დაბალანსება CV-ბით შერჩეული, უცხოეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, რომლებიც მაშინაც სრული არარაობები აღმოჩდნენ.

ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. "ოცნების" ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას", - ნათქვამია სააკაშილის მიერ გარცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს წარადგინა.