პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, დღეს წარდგენილი გუნდი ძველ თანამებრძოლებთან ერთად 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების საწინდარი იქნება.
როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც დღეს წარუდგინეს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ კანდიდატების სახით, ძალიან წარმატებული არიან თავის საქმიანობაში, თავის პროფესიაში.
„ეს არის ახალგაზრდა, განათლებული ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ერთად ძალიან ბევრ სასიკეთო და სასარგებლო საქმეს გააკეთებს საქართველოს პარლამენტში უკვე საკანონმდებლო დონეზე. ეს გუნდი ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან ერთად ნამდვილად არის საწინდარი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამარჯვების 8 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ ვიწყებთ ახალ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც აქვ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში საქმიანობის“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, იქნება ის თუ არა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერეში, კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია ეს არ იყოს საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობა.
„მაგრამ ის, რომ მე „ქართულ ოცნებაში“ და გუნდში ვარ ძალიან აქტიურად ჩართული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ბოლომდე ვიქნები გუნდთან ერთად“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.