შეიძლება ”ქართული ოცნების” ახალი სახეები ზოგიერთ ძველზე სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ეს მთავარი არ არის

შეიძლება ”ქართული ოცნების” ახალი სახეები ზოგიერთ ძველზე სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ეს მთავარი არ არის

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამდენი ტყუილის შემდეგ, განახლებულმა სახელისუფლო გუნდმა არჩევნებში საზოგადოების მაღალი ნდობა მიიღოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ახალი სახეების შეფასებისას განუცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, ”ქართულ ოცნებაში” გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული ხარ იმ პოლიტიკის, რაც ქვეყანაში ხორციელდება.

“მე ახლა სუბიექტური შემფასებელი ვარ. ძალიან გამიჭირდება ყველაფერს ნეიტრალურად შევხედო. შეიძლება ახლადწარდგენილი ადამიანები ზოგიერთ ძველზე უფრო სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ”ქართული ოცნების” წინა სია იმდენად ჭრელი იყო, იდეოლოგიურადაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები სხვა ტალღაზე იყვნენ მოსული. დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია. ზოგიერთს გარკვეული საქმიანობიდან ვიცნობ, თუმცა ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გარდატეხას მოახდენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ გუნდის მოსვლით იმდენად გაუმჯობესდება ამ ოთხი წლის განმავლობაში გაფუჭებული საქმეები, რომ ხალხი უკეთესად დაიწყებს ცხოვრებას. განახლებულ ”ქართულ ოცნებაში” არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. ზოგი მათგანი პოლიტიკური ლიდერიც იყო, მაგრამ აბსოლუტურად ფერმკთალი და უპრინციპო. ასე რომ, მგონია, არაფრის შემძენი ისინი არ იქნებიან, ერთადერთი ეს ხალხი ნავსაყუდელს ეძებს - ისეთი ადამიანები, რომლებმაც ფეხი ვერსად მოიკიდეს, ახლა ბიძინა ივანიშვილის ფულის იმედად არიან - იქ ასეთებიც იქნებიან”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიგი წერეთელმა.