განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" არჩევნებში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს.
მინისტრის თქმით, პარტიის წევრი არ არის და მისი შეხედულება მეტ-ნაკელბად ობიექტურია.
"ჯერ სულ ახლახან შემოვუერთდი ამ მთავრობას. პარტიის წევრი არ ვარ - შესაბამისად, მგონია, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტური შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, პარტია "ქართულ ოცნებას" ძალიან მაღალი შანსი აქვს. ჩემს გარშემო განწყობა, რითაც შემიძლია ვიმსჯელო, ოპტიმისტური და პოზიტიურია", - განაცხადა ჯეჯელავამ საგურამოში "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საზოგადოებას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 15 ახალი სახე წარუდგინა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.