დავით უსუფაშვილი - მე ამერიკაში ვუსურვე „დემოკრატებს“ წარმატებები, ჯონ კერიმ საქართველოში „რესპუბლიკელებს“ გვისურვა წარმატებები

დავით უსუფაშვილი - მე ამერიკაში ვუსურვე „დემოკრატებს“ წარმატებები, ჯონ კერიმ საქართველოში „რესპუბლიკელებს“ გვისურვა წარმატებები

ჯონ კერისთან შეხვედრისას მე ამერიკაში ვუსურვე „დემოკრატებს“ წარმატებები, მან საქართველოში „რესპუბლიკელებს“ გვისურვა წარმატებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ.

”ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკის აღორძინების, დემოკრატიის განვითარების და ა.შ. მიმართულებით”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანაში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, რადგან არჩევნებია.

”მე ამერიკაში ვუსურვე „დემოკრატებს“ წარმატებები, მან საქართველოში „რესპუბლიკელებს“ გვისურვა წარმატებები. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას შეერთებული შტატებიდან მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც ყოველთვის იყო ეს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა შეხვედრაზე საუბარი მედიაში განვითარებულ მოვლენებს, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ”სტუმარს მისთვის რაიმე სხვა კონკრეტული საკითხი და თემა არ უთქვამს”.