თინა ხიდაშელი - არჩევნებთან დაკავშირებით ჯონ კერის განცხადება არც ერთ შემთხვევაში არ იყო გაფრთხილება

თინა ხიდაშელი - არჩევნებთან დაკავშირებით ჯონ კერის განცხადება არც ერთ შემთხვევაში არ იყო გაფრთხილება

როდესაც ხარ საქართველოში და ხარ მისი ყველაზე უფრო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი და მომდევნო სამ თვეში არჩევნებია, ამაზე რომ არ ილაპარაკო, ეს ძალიან შემაშფოთებელი ამბავი იქნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის აქცენტი არჩევნებთან დაკავშირებით ხომ არ იყო წინასაარჩვენოდ ერთგვარი გაფრთხილება. 

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, არ მიაჩნია, რომ ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება. 
მისივე თქმით, ბუნებრივია, ყველას აქვს მოლოდინი, რომ ”2016 წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება ყველაზე უფრო სამაგალითო, რაც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს”.

”სახელმწიფო მდივანიც სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ ყველა ელოდება დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. 
ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში გაფრთხილება. ეს იყო სწორედ იმის დადასტურება, რომ ყველას აქვს მოლოდინი - საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, რომელიც იქნება სამაგალითო ნებისმიერი ქვეყნისთვის”, -განაცხადა ხიდაშელმა.