დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ამერიკელი პარტნიორებისგან წამოსულ სიგნალებს შეისმენს

დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ამერიკელი პარტნიორებისგან წამოსულ სიგნალებს შეისმენს

ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც და ქართული დემოკრატიის გაძლიერების კუთხითაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან სიგნალები არის აბსოლუტურად მკაფიო და იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ამ სიგნალებს შეისმენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი სწორედ აღნიშნულ ორ ძირითად მიმართულებას შეეხო.

”შეხვედრაზე იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. პირველი შეეხებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების შემდგომი მხარდაჭერა არის საუკეთესო გარანტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის დაცულობის და მეორე თემა, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყო ქვეყანაში დემოკრატია და მომავალი არჩევნები. ამ თვალსაზრისით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან მესიჯი არის აბსოლუტურად ღია, მკაფიო და გასაგები, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რაც გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობას და ამ კონტექსტში ძალიან დეტალური საუბარი იყო ”რუსთავი 2”-სა და სხვა მედიასაშუალებებზე. ასევე საუბარი იყო ძალადობის დაგმობასა და ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების დაუშვებლობაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლებას და აგრეთვე, იმ გარემოსა და პრობლემებზე, რომელიც შექმნა, მაგალითად, პოლიტიკურმა დევნამ და გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებმა, ამიტომ ორივე მიმართულებით - ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხითაც, ქართული დემოკრატიის გაძლიერების კუთხითაც სიგნალები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან არის აბსოლუტურად მკაფიო და იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ამ სიგნალებს შეისმენს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.