კრემლში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და იმედოვნებენ, რომ არსებული პრობლემები საკონსტიტუციო გზით გადაწყდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვითარება რჩება ყურადღების ცენტრში და კრემლში ყურადღებით ადევნებენ თვალს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ გვსურს და გვინდა ვიხილოთ აფხაზეთი, როგორც სტაბილური, განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ეკონტაქტება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პესკოვმა უპასუხა, რომ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტთან ყველა თემის შესახებ, რასაც თავად კურირებს, მუდმივ კონტაქტშია.