მემორანდუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას გაზრდის

მემორანდუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას გაზრდის

დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას გაზრდის, -განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კერიმ აღნიშნა, დოკუმენტი ამერიკასა და საქართველოს შორის ერთობლივი წვრთნების გამართვას გულისხმობს.

„ეს დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკები აღვასრულოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომში მოვემზადოთ ნატო-ს მიმართულებების განხორციელებაში. დოკუმენტი გულისხმობს ერთობლივი წვრთნების გამართვას,  კომპეტენციების გაცვლას. ასევე, აქ შესულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დაცვის თემები და ასევე ინფორმაციის გაზიარების და უსაფრთხოების პრაქტიკების, ტრენინგების თემები, რომლებიც გაამყარებს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა ჯონ კერიმ.

მისვე თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება და პროცესი ამოქმედდება, რომელიც საკმაოდ გაამარტივებს ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სრული წევრობის გზაზე.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.