არჩილ გეგეშიძეს ვიცნობ, როგორც ძალიან კომპეტენტურ, მაღალი რანგის პროფესიონალს, რომელმაც აშშ-ში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელმა, თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, მის მიერ მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მმართველ გუნდში პრორუსული ძალების არსებობას ეხება, “შესაძლოა საჩოთიროა, ყურში სხვანაირად ხვდება“, მაგრამ როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ის რომ ხელისუფლებამ ამის გამო რაიმე მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს, ამის მიზეზს ვერ ხედავს.
“არჩილ გეგეშიძის ამ განცხადების თაობაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობის დროს გავიგე და ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გავაკეთე. კომენტარიდან “ამოვარდა“ წინადადება - “თუ ეს შეესატყვისება სინამდვილეს“. ვთქვი, რომ თუ ეს მართლია და არჩილ გეგეშიძემ ამგვარი კომენტარი გააკეთა, ეს ელჩისთვის მიუღებელია. დღეს დილით ინტერვიუ წავიკითხე. იქ ფრაზა უხერხულად არის ჩამოყალიბებული და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ შეიძლება იყვნენ რუსეთის მომხრე... თუ როგორც არის, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს არის საგანგაშო განცხადება, რომლის შემდეგაც საკადრო საკითხი უნდა დადგეს ანუ ელჩის გამოძახება, ელჩის დასჯა, გათავისუფლება და ასე შემდეგ. ამგვარი რაღაცეები ხდება. მე, როგორც ყოფილი დიპლომატი, მათ შორის საქართველოს ელჩი აშშ-ში, ელჩებსაც უფრო ფაქიზად მოვეკიდებოდი, რადგან, ჯერ ერთი, თავად ტექსტი - ინტერვიუ ამგვარი დრამატიზირების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ფრაზის ფორმულირება ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ვინც წაიკითხა და ასეთი ნეგატიური რეაქცია გამოავლინა, შეიძლება მან ამ ერთ წინადადებაში სწორედ ის წაიკითხა, რაც ამგვარი რეაქციის მიზეზი გახდა. ბატონი არჩილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ მეგობრობა გადავდოთ გვერდზე, მას ვიცნობ, როგორც ძალიან კომპეტენტურ, მაღალი რანგის პროფესიონალს, რომელმაც აშშ-ში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას ეხება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თედო ჯაფარიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.
“ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
თავის მხრივ, არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან წუხელ ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
“კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ”, - განუცხადა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა “არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება“ უწოდა.