ჯონ კერის მესიჯი იქნება, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხარდაჭერას დაკარგავს

ჯონ კერის მესიჯი იქნება, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხარდაჭერას დაკარგავს

საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მესიჯი იქნება, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხარდაჭერას და ლეგიტიმაციას დაკარგავს.

„ამერიკა მხარს უჭერს მხოლოდ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ანუ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ამიტომაც თუ ეს ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, მაშინ იგი დაკარგავს ამერიკის მხარდაჭერას და ლეგიტიმაციას. ეს იქნება სახელმწიფო მდივნის მესიჯი“, - განუცხადა შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ექსპერტის შეფასებით, სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში განსახილველი მთავარი თემა და არა ნატო-ს სამიტი, რომელიც ვარშავაში 8 ივლისს იხსნება.

საქართველოს დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომაში. მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წარმატებით ჩატარების საკითხები.