FBI-ს დირექტორი ჯეიმს კომი აცხადებს, რომ ბიუროს მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, ჰილარი კლინტონის მიერ პირადი სერვერის გამოყენების საკითხზე მის წინააღმდეგ საქმე არ უნდა აღიძრას.
გასულ კვირას, კლინტონი ბიუროს გამომძიებლებს შეხვდა და ოფიციალური მიმოწერისთვის პირადი სერვერის გამოყენების საკითხზე სამი საათი ესაუბრა.
ჯეიმს კომის თქმით, კლინტონი პირადი და საქმიანი მიმოწერისთვის რამდენიმე სერვერს და მობილურ ტელეფონს იყენებდა. მოკვლევის დროს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 30 000 ელექტორნული წერილი წაიკითხა.
კომის თქმით, 110 ელექტრონული ფოსტა და 52 მიმოწერა გაგზავნის დროს, გრიფირებულ საიდუმლოს შეიცავდა, 8 მიმოწერა კი - უმაღლესი საიდუმლოს კლასის ინფორმაციას. კომისვე ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია კლინტონის მიერ ოფიციალური მიმოწერის განზრახ წაშლას, თუმცა "კლინტონი და მისი თანამშრომლები კიდურესად უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას".
მიმოწერისთვის პირადი სერვერების გამოყენებას კლინტონი პირადი ინფორმაციის დაცულობით ხსნის, ანალიტიკოსების შეფასებით კი, პირადი სერვერი მთავრობის სერვერზე ნაკლებად დაცულია.