კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე

კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ და ანტირუსულ ევროპაზე

ავსტრიელი დეპუტატის, კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის აგრესიულ, ანტირუსულ ევროპაზე გამარჯვება, - აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც რუსეთთან დიალოგის საჭიროება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

„ავსტრიელ სოციალისტ მუტონენის მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატზე, გიგი წერეთელზე გამარჯვება - ევროპის ზომიერი ნაწილის, აგრესიულ, ანტირუსულ ნაწილზე გამარჯვებაა. ეს ასევე გამარჯვებაა რუსეთის იზოლაციის კურსზე, რომლის გატარებასაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და სხვა ფორმატებში ამერიკული და კანადური დელეგაციები ცდილობენ“, - განაცხადა პუშკოვმა.

მისი მოსაზრებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩატარებული კენჭისყრა მიუთითებს, რომ ევროპაში რუსეთის საკითხზე განხეთქილება არსებობს.

ალექსეი პუშკოვი ასევე მიესალმა ფაქტს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს ნეიტრალური, ნატო-ში არშემავალი ქვეყნის წარმომადგენელი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.

ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა, თბილისის დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.

გიგი წერეთელი რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი 2 წლის განმავლობაში.