რუსული დელეგაცია დააკვირდება საქართველო-აშშ-ის დიალოგის მსვლელობას, რათა რუსეთის წინააღმდეგ არ იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ილია კოსტუნოვმა განუცხადა, რომელიც თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ესწრებოდა.
„დიალოგის გამართვის კუთხით არავინ არც ერთ ქვეყანას არ ზღუდავს, მაგრამ რუსეთის ფედერაცია დააკვირდება ამ დიალოგის მსვლელობას, რათა არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, ან ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ხარჯზე განხორციელდება. რუსეთს ეროვნული ინტერესები აქვს და ჩვენ გვსურს, რომ ყველა მეზობელი კონსტრუქტიულად და მეგობრულად იყოს განწყობილი“, - განაცხადა კოსტუნოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების ყველა პერსპექტივა არსებობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აშშ-ის კონტროლის ქვეშაა, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ყველა რეზოლუციაში გავიმარჯვებდით, მაგრამ ჩვენი ესმით, ანტირუსულ განცხადებებს ტაშით არ ხვდებიან, ქუჩაში ქართველებს გულწრფელად უხარიათ, როცა რუსეთის წარმომადგენლებს ხედავენ და იქვე ცდილობენ მეგობრული ურთიერთბის დამყარებას“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა და იქვე დასძინა, რომ მთავარია, ორმხრივი ურთიერთობის დალაგების მნიშვნელობა ქართველმა პოლიტიკოსებმა გაიაზრონ.