ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტის პოსტზე კარგი პოლიტიკოსი აირჩია, რომელიც სწორი პოლიტიკური ხედვებითა და გეზით გამოირჩევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ასამბლეაში ქართული დელეგაციის წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
„კრისტინა მუტონენი ავსტრიის პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც ”სოციალისტები”, ასევე ”სახალხო პარტიის” წარმომადგენლები. ვფიქრობ, არჩევანი სწორია, რადგან მისი ხედვა არ არის შემოფარგლული მხოლოდ ავსტრიის ან მისი პარტიის ინტერესებით. ის არის პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც კარგი და სწორი ხედვები აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
მისივე განმარტებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებით ხაზი გაესვა, რომ „ქართული ოცნება“ არის მემარცხენე ცენტრისტული პარტია, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი ოჯახის წარმომადგენელს.
გარდა ამისა, ვოლსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გიგი წერეთელი ამ პოსტზე „ეროვნული კვოტით“ არ იყო წარდგენილი და ის ”ევროპის სახალხო პარტიამ” დაასახელა, რომლის ნაწილსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
„ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთის დელეგაციას შორის სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა – მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის მონაწილეობაზე. ”სახალხო პარტიის წარმომადგენელთა” სხვა რეზოლუციებიც ამაზე მეტყველებს. ასე, რომ მნიშვნელობა ამას ჰქონდა და რომ არა ეს, მუტონენი პირველივე ტურში გავიდოდა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.