დიდი ბრიტანეთის მმართველმა “კონსერვატიულმა პარტიამ” ახალი ლიდერის არჩევის პროცედურა დაიწყო. ის დევიდ ქემერონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლებს.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, საკუთარი კანდიდატურა პარტიის ლიდერის პოსტზე ხუთმა პოლიტიკოსმა წარადგინა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თერეზა მეიმ, რომელსაც, როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს.
სხვა კანდიდატებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი მაიკლ გოუვი, შრომის მინისტრი სტივენ კრები, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლიამ ფოქსი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეა ლიდსომი.
ხმის მიცემის პროცედურა უახლოეს საათებში ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართება, შედეგები კი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ხმის მიცემის პროცედურის შემდეგი რაუნდი ხუთშაბათს გაიმართება და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ 2 კანდიდატი არ დარჩება.
ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ქვეყნის მასშტაბით, პარტიის 150 000-მდე წევრი აირჩევს, მისი ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი.
23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის მოხმრეებმა გაიმარჯვეს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ოქტომბერში თანამდებობას დატოვებს.